Powered By Blogger

Friday, April 6, 2012

უსახლკარო გუბერნატორი

რიჩარდ ქოუდის, ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორის ცნობა მარტის იმ სუსხიან ღამეს მართლაც შეუძლებელი იყო. ქოუდი ხელოვნური წვერის, დროებითი სვირინგების და ძველი, გაურეცხავი ტანსაცმლის წყლობით ნამდვილ უსახლკაროს დაემსგავსა. ერთ რიგით „ბომჟს“ აშშ-ს 636,000 უსახლკაროთაგან.

მასკარადის მიზანი „უბრალო ხალხში გარევა“ და უსახლკაროთა დროებით თავშესაფრებში დისკრიმინაციის შემთხვევების მხილება იყო. მისია, სპეცოპერაციის სიზუსტით და მონდომებით სამი თვის განმავლობაში იგეგმებოდა. გრიმი პროფესიონალმა დაადო. საკუთარი არტისტიზმის და შეუპოვრობის იმედი ყოფილ გუბერნატორსა და მოქმედ პოლიტიკოსს ცხადია ექნებოდა.

ექსპერიმენტი კარგად დაიწყო. ოცდახუთმა თავშესაფარმა კარი ცხვირწინ მიუხურა: ადგილი მხოლოდ მათთვის გვაქვს, ვინც სახელმწიფო დახმარებას იღებსო (მაგ. Supplemental Security Income). თან, ქოუდი ყველას ეუბნებოდა, ფსიქიკური პრობლემები მაქვს და საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი ვარო. ეს ადასტურებდა ქოუდის ვარაუდს, რომ თავშესაფრების პროგრამა უსამართლოდ გვერდს უვლის გარკვეულ სოციალურ ფენებს, როგორიცაა მარტოხელა მამაკაცები და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები. სისტემა, ოჯახების და მარტოხელა დედების დახმარებას ანიჭებს უპირატესობას.

ბოლოს, ერთ-ერთი თავშესაფარი დათამხმდა მის მიღებას. იატაკზე ადგილი მიუჩინეს სადაც 20 სხვა კაცთან ერთად შეეძლო ლოგინი გაეშალა. კედელთან ერთმანეთზე დალაგებულ სკამებზე დაჯდომა აკრძალულია, მხოლოდ იატაკზე წოლაა ნებადართული -ასე განუმარტეს ახალ ბინადარს, ადგილი შეზღუდულია. შუქი თერთმეტის ნახევარზე ქრება, მანამდე ტელევიზორი ღრიალებს.

ნამდვილი გამოცდა ქოუდისთვის შხაპისთვის თავის არიდება გახდა: წყალი გრიმიორის ნამუშევარს, დაბერებულ და თამბაქოსაგან გაყვითლებულ კანს უცბად წაახდენდა. ქოუდიმ პოლიტიკოსის მოხერხებულობა გამოიჩინა და აბანოში წაყვანას დაემალა: რიგიდან გამოძვრა და თვალი ყველას აარიდა.

ძილი დიდხანს ვერ შეძლო. „მეზობელს“ გამოელაპარაკა. ქოუდიზე უკეთ ჩაცმულმა კაცმა გაუზიარა, რომ გაუმართლა და ავტობუსის სამგზავრო ბილეთი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღისით შეუძლია ავტობუსს შეაფაროს თავი და გათბეს (ზამთარში საზოგადოებრივი ტრასპორტი თბება).

ქოუდიმ საკმარისი ნახა, დილით აღარ დაელოდა სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო საბუთების გაფორმებას და გამოიპარა. პოლიტიკურ დებატებში გამოსადეგი მასალა საკმარისად მოიპოვა.

თავშესაფრის დირექტორს მალევე მოუხდა ბრალდებების უარყოფა: მისი თქმით, დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების შევსება ნებაყოფლობითია და ვერავინ დააძალებდა ქოუდის ამისათვის დარჩენას. სკამების გამოყენება კი მხოლოდ საღამოს იკრძალება, როდესაც ოთახს დასაძინებლად იყენებენ.

თავის მხრივ ქოუდიც უარყოფს, რომ მისი ექსპერიმენტი პოლიტიკურად მოტივირებულია და ამტკიცებს, არჩევნები არაფერ შუაშიაო (გავრცელდა ჭორები, რომ მას კვლავ სურს გუბერნატორობა). მისი ამტკიცებით, მხოლოდ ის უნდა, ფედერალური მთავრობა აიძულოს მეტი ფული გამოყონ უსახლკაროებისათვის.

ასეა თუ ისე, ქოუდის ბრძოლის მეთოდი ნამდვილად უჩვეულოა.

Sunday, April 4, 2010

Wednesday, February 10, 2010

Sunday, January 31, 2010

If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.

Oscar Wilde